მეურნეობა


დამკვიდრდა იძულებით ფერეიდანში კახეთიდან აყრილი მოსახლეობა. გლეხმა იქაც, იმ უცხო მიწაზეც გუთანსა და თოხს მოკიდა ხელი, ამრავლა პურის თესლი. დახვდა სპარსეთს გადასახლებულ მიწის მუშას ხორბლის ადგილობრივი ჯიშ-ვარიაციები, მაგრამ განსაკუთრებით, სათუთად ეპყრობოდა და უფრთხილდებოდა იგი საქართველოდან წაღებულ, მშობლიური პურის თესლს, რომელმაც ჩანს, ახალ გარემოშიც შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები. ამის მადლია ის, რომ ოთხი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ღვივდებოდა ფერეიდნელი ქართველის გულში ღვიოდა და შთამომავლობას გადაეცემოდა სამშობლოში დაბრუნების დაუოკებელი სურვილ-ოცნება

ფერეიდნელ ქართველთა სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული მასალებიდან ირკვევა, რომ მათ მემინდვრეობაში ცნობილია სხვადასხვა ჯიშის ხორბალი. ამათგან კი უპირატესობა ეძლევა საშემოდგომო კულტურას, რომლის თესლი იქ საქართველოდანაა ჩატანილი. ფერეიდნელები ქართულ საშემოდგომო ხორბალს `ყანას~ უწოდებენ.

      ფერეიდანის მემინდვრეობაში ყანის სახელწოდებით ცნობილი საშემოდგომო ხორბალი შეესატყვისება ჩვენს ქართულ დოლის პურს. მით უფრო, რომ იქაც ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ ხორბლის ერთ, ისიც საშემოდგომო ჯიშს და არა, საერთოდ, ყველა ხორბლის ნათესსა და საყანურს.

ფერეიდნელ ქართველთა ყოფაში მოწმდება საქართველოდან წაღებული მეორე ხორბალიც. ამ საგაზაფხულო კულტურას იქაც თან გაყოლია და დღემდე შემორჩენია ქართული სახელი _ დიკა.

პურეული კულტურების გარდა, მოჰყავდათ ოსპი, ლებია (ლობიო), ნუხუდო (მუხუდო), კარტოფილი, ჭარხალი, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი.

No comments:

Post a Comment