მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ზოგიერთმა ქართველმა მაინც მოახერხა ირანის
პოლიტიკურ სისტემაში დამკვიდრება. ამის ნათელი მაგალითია უნდილაძეთა გვარი,
რომელმაც თავის აღმავლობას სეფიანთა ირანის პერიოდში მიაღწია.
ირანის ისტორიაში არაერთმა ქართველმა დატოვა წარუშლელი კვალი.
მათ შორისაა ისტორიკოსი და მოგზაური ფარსადან გორგიჯანიძე და, რა თქმა
უნდა, ალავერდი-ხან უნდილაძე, სახელგანთქმული მხედართმთავარი და
რეფორმატორი შაჰ-აბას პირველის კარზე. სწორედ ალავერდი ხანმა და მისმა
შვილებმა – იმამ-ყული ხანმა და დაუდ-ხანმა ააგეს ისპაჰანში 33 თაღიანი
ხიდი, რომელიც აღმოსავლური არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
პირველი, ვინც ფერეიდნელ ქართველთაგან ისტორიულ სამშობლოში
დაბრუნება შეძლო, იყო იოთამ ონიკაშვილი. მან გაუკვალავი გზებით ჩამოაღწია
საქართველოში 1871 წელს და საგარეჯოში დასახლდა. მოგვიანებით, 1901 წელს
ჩამოვიდნენ ჰუსეინ ონიკაშვილი და რეზა ხუციშვილი.
საბჭოთა პერიოდში იყო ფერეიდნელთა საქართველოში დაბრუნების
მცდელობა, მაგრამ ეს მასიურად დაბრუნების საფუძვლად ვერ იქცა, ალბათ, უფრო
ფერეიდნელთა მხრიდან საბჭოთა წყობის მიუღებლობის გამო. იყო სხვა მიზეზიც –
ირანის ხელისუფლებამ არ ისურვა შელეოდა თავისი მოსახლეობის ყველაზე გამრჯე
ნაწილს.
წყარო
No comments:
Post a Comment