Thursday, June 7, 2012

ფერეიდნელი ქართველები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველები 2 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ, მათ თან ახლდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე. 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ სტუმრებს მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი“ დაათვალიერებინა, სადაც წარმოდგენილი იყო ულამაზესი მინიატურებითა და თავსამკაულებით გაფორმებული, დახვეწილი კალიგრაფიით შესრულებული ხელნაწერები: ჯრუჭის I ოთხთავი და ვანის სახარება, ვეფხისტყაოსანი და სხვა.
ფერეიდნელმა ქართველებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათ გამოცემათა კაბინეტში დაათვალიერეს უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნები, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი და ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი იშვიათი გამოცემები.  
სტუმრებმა ცენტრის მრავალფეროვანი კოლექციის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. 
ფერეიდნელები საქართველოში 29 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 7 დეკემბრამდე დარჩებიან. ოცკაციან დელეგაციას არია ხოსრავი (ხოსროშვილი) ხელმძღვანელობს.
წყარო 
 

ფერეიდნელი სტუმრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში


      25 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდნელ ქართველებს – დავით დავითაშვილსა და ნიკოლოზ ონიკაშვილს უმასპინძლა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოეტი და მთარგმნელი, ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია და მწერალი გიორგი ალავერდაშვილი.
      ღონისძიება ჩატარდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ბეჟან ხორავას ინიციატივით. 
ბატონმა ბეჟანმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, მიმოიხილა ქართლ-კახეთში მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური ვითარება, რის შედეგადაც შაჰმა აბას პირველმა სპარსეთის სხვადასხვა რაიონში გაასახლა ძირითადად კახეთის რეგიონებიდან აყრილი 400 ათასამდე ქართველი; ღონისძიების წამყვანმა ხაზი გაუსვა ფერეიდნელი ქართველების შემართებას, იმას, თუ რის ფასად შეძლეს მათ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება რწმენითა და წეს-ჩვეულებით საქართველოსაგან ბევრად განსხვავებულ ქვეყანაში, როგორი რუდუნებით შეინახეს მშობლიური ენა და ქართული ტრადიციები.
      
ბატონებმა ნომადი ბართაიამ და გიორგი ალავერდაშვილმა ისაუბრეს ირანში (ფერეიდანში) მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე, იქაური ქართველების ყოფაცხოვრებაზე, სანაქებო სტუმარ-ასპინძლობაზე, იმ მჭიდრო მეგობრობაზე, რომელიც არაერთმა სტუმრობამ და ადამიანურმა ურთიერთობებმა განაპირობა.
      
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის მაგისტრანტებმა რუსუდან გოგინაშვილმა და ეკა ჟვანიამ ისაუბეს ქართველთა ირანში განსახლებისა და გამუსულმანების საკითხებზე.



      სტუმრებმა უპასუხეს დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს, რომელიც შეეხებოდა ფერეიდნელი ქართველების წარსულსა და თანამედროვეობას, საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას.
      ღმერთმა ქნას, დავით დავითაშვილისა და ნიკოლოზ ონიკაშვილის მსგავსად, დედასამშობლოს წიაღში დაბრუნდეს ყველა პატრიოტი ქართველი, ყველა ის ქართველი, ვისაც სამშობლო საუკუნეთა განმავლობაში ფერად სიზმრებად ექცა.

რობერტ მესხი